ევროკავშირში გასაწევრიანებლად აქტიური მუშაობა გაგრძელდება

03/02/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ 2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება პირადად, დღეს გამართული შეხვედრისას მიულოცა. როგორც შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ზიგფრიდ ბრაკემ საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მხარეებმა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. სპიკერთან პარლამენტებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბელგიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, დღეს, 3 თებერვალს დასრულდა. რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრას დაესწრო. დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0