ევროკომისარმა დადებითად შეაფასა მთავრობის ძალისხმევა ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით

05/05/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ მიულოცა ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა მთავრობის ძალისხმევა ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრების მიმართულებით, ასოცირების შეთანხმების თანახმად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს. ამ კონტექსტში, განხილულ იქნა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსების თემა, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყნისთვის კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების გზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0