ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

23/10/2017

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი კომიტეტის წევრებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, „საქართველომ ასოცირების შეთანხმებით აიღო ვალდებულებები, რომ მოახდინოს საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი ქმედებისთვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ ევროკავშირის დირექტივის რიგი დებულებების იმპლემენტაცია.”
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს, სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებას შავი ზღვის წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით გასატარებელი იმ ღონისძიებებისათვის, რომელიც ზღვის გარემოს გაუმჯობესებას, ზღვის წყლების დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევას უზრუნველყოფს.
კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრება კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები და ამ მიზნით, 2022 წლამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის თანხმობით უნდა დაამტკიცოს ეროვნული საზღვაო სტრატეგია და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამა. პროგრამა ყოველ 6 წელიწადში ერთხელ განახლდება.
მომხსენებლის განმარტებით, ეს არის პირველი ეტაპი იმისათვის, რომ შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი. ამის შემდეგ კი სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება მთელი რიგი ვალდებულებები, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც შესაბამისი დირექტივები ითვალისწინებს.
„შავი ზღვის ეკოლოგია და ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს მიმართულებაც ერთ-ერთი ვალდებულების სახით გვაქვს განსაზღვრული ასოცირების შეთანხმებით. ჩვენ ვართ ამ ვალდებულების შესრულების საწყის ეტაპზე. ამჯერად განისაზღვრება ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირი და ეს იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. სამინისტრო 2022 წლის სექტემბრამდე შეიმუშავებს სტრატეგიას და გეგმას, რაც, ასევე, უამრავ დირექტივასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს,“ – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0