ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

09/10/2017

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, თანდართული მასალებით: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას.
მისი თქმით, 2017-2020 წლების ბიუჯეტების ძირითადი პარამეტრების დოკუმენტი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მოლაპარაკებების მთავარი დოკუმენტი და სწორედ მასზე დაყრდნობით მიმდინარე წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ, სამწლიან პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელს ეკონომიკის ზრდა დაგეგმილია 4,5%-ის, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 9 470.0 მლნ ლარს, გრანტები – 265.0 მლნ ლარს, სხვა შემოსავლები – 385.0 მლნ ლარს.
არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით;
ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარის ოდენობით;
ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები – 1 288.0 მლნ ლარი;
მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი – 350.0 მლნ ლარი;
სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათიდაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა – 400.0 მლნ ლარი;

Tweet about this on TwitterShare on Facebook0