ევროპისა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციებს შორის ხელშეკრულება დაიდო

22/11/2016

საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, 2017 წლის სექტემბერში, ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროპის ფრენბურთის ფედერაციებს შორის დღეს ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ორი ფედერაციის პრეზიდენტმა მოაწერა. ხელშეკრულების გაფორმებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. თბილისის მერმა ევროპის ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად თბილისი შეირჩა. დავით ნარმანიამ საქართველოს ქალთა ფრენბურთის ნაკრებს წარმატებები უსურვა. „ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში, რათა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორიც ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპია, მაღალ დონეზე ჩატარდეს. მისასალმებელია ის, რომ თბილისი ღონისძიების ჩატარების ერთ-ერთ ადგილად შეირჩა, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ მდიდარი ტრადიციები გვაქვს და ამავდროულად გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩამოსულ სტუმრებს. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის კენჭისყრა 24 ნოემბერს შედგება, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. თბილისი B ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. შეხვედრები ახალ სპორტის სასახლეში 2017 წლის 20-23 სექტემბერს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0