ევროპის დღეების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ბათუმში სტუმრობისას დავით ბაქრაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, დავით ბაქრაძე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი საქართველოს” ორგანიზებით, ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმში მოეწყო მოეწყო შემეცნებითი პროექტის „ევროპული საბჭოს მოდელირებული სამიტი” – საპრეზენტაციო ეტაპი. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს (აჭარის მასშტაბით აპლიკაციებითა და გასაუბრებით შერჩეულ 87 ახალგაზრდა დელეგატს) ჰქონდათ საშუალება ემუშავათ სამ, საგანგებოდ შექმნილ კომიტეტში, სადაც ისინი შეძლებდნენ მოერგოთ ევროკავშირის ლიდერთა როლი, განეხილათ ევროკავშირისათვის აქტუალური თემები და პრობლემები, უშუალოდ გაცნობოდნენ ევროპული საბჭოს მუშაობის მთავარ პრინციპებს და აქტიურად მიეღოთ მონაწილეობას დებატებსა და დისკუსიებში.
ევროპის დღეების ფარგლებში ქ.ბათუმში სხვა საინტერესო ღონისძებებთან ერთად, ველომარათონში გამარჯვებულების დაჯილდოვებაც მოეწყო.