ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

15/03/2017

​ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1281-ე სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და წარადგინა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტზე, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმსა და აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე. საქართველოს დელეგაციის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები და ხდება ამ რეგიონების გარესამყაროსგან სრული იზოლირება.
საკითხის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს 12 წევრი ქვეყნის დელეგაციებმა. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოვლენათა განვითარების გამო, დაგმეს 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0