ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით შეხვდნენ. ეკა ბესელიამ შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის შემუშავების მიზეზები, მიზნები და კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა პროექტით შემოთავაზებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების წესზე და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის წესზე. კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან კობერიძე და რევაზ არველაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა და „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice – სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრაზე ხდებოდა არის ის, რომ ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ადვოკატთა ასოციაცია და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები იზიარებენ იმ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი. არის რამდენიმე მოსაზრება და ამ მოსაზრებებს გავცვლით. ჩვენი მიზანია, რომ ის პროექტი წარვუდგინოთ პარლამენტს, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს და მათ შორის, ექნება საზოგადოების მხარდაჭერაც“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

Visited 94 times, 1 visit(s) today