ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებას დაესწრო

20/07/2017

„ყველას ესმის, რომ სასამართლო სისტემა, სასამართლო რეფორმა და სასამართლო ხელისუფლება ყველას მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას საჭიროებს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის – „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმა და როგორი სასამართლო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.
„დღევანდელი ფორუმი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ჩვენ, დღეს გვაქვს ყველა ტიპის გამოცდილება და შეგვიძლია ვთქვათ, როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა. ახლა, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ეტაპი განხორციელდა, გვყავს განახლებული იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს რეფორმები, არ მგონია, რთული იყოს იმის დანახვა, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც ძალიან დიდი პროგრესი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის ყველა ეტაპზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული პროცესში და კომიტეტი მზად არის, ამ რეფორმის გაგრძელებაში აქტიურად იყოს ჩართული.
ეკა ბესელია: „რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ჩვენ ვაპირებთ, რომ გავერთიანდეთ და გავაგრძელოთ მუშაობა. პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლოებში საქმეთა განტვირთვის კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური საკითხების დახვეწისა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. სასამართლოს სტრატეგია და იუსტიციის საბჭოს სამოქმედო გეგმა, ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან, რომელიც პარლამენტში უკვე დამტკიცდა და ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, სწორედ სასამართლო რეფორმის გაგრძელებას ეთმობა. ასე, რომ ყველანი ვართ ერთიანი და ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ვაგრძელებთ პროცესს“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0