ეკა ბესელია ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22/05/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
ეკა ბესელიას ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღნიშნული ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც ამ დროისთვის არის მომზადებული. „ევროსაბჭოს მხრიდან ექსპერტის ჩართვის თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა ევროსაბჭოს. ჩვენ ველოდებით მათ მოსაზრებებს. მიმდინარეობს იმ საკითხების შესწავლა, რომელიც მაუწყებელს ეხება, მათ შორისა ფინანსური საკითხები, ტელევიზიის მეტი დამოუკიდებლობისთვის სამართლებრივი გარანტიები. სწორედ ამ თემებზე გვქონდა დისკუსია. ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს აღნიშნულ საკითხებზე ბოლო ინფორმაცია მივაწოდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა სასამართლო რეფორმა იყო. „ამ საკითხზე ევროსაბჭოსთან ერთად ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისევე, როგორც ისინი თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სასამართლო სისტემასთან“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, რამდენიმე ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროსაბჭოს მხარდაჭერით გეგმავს. „ეს ეხება სამუშაო სემინარს, რომელიც გაიმართება თემაზე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის სტანდარტები. სემინარის ორგანიზებას ერთობლივად გავაკეთებთ თბილისში და შემდეგ ასეთივე ღონისძიება შეიძლება დაიგეგმოს ევროსაბჭოს ეგიდით უკვე სტრასბურგში. ამ ღონისძიებების ორგანიზებასაც ერთად დავიწყებთ“, – განმარტა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0