ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

12/04/2016

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 73 ეკომიგრანტ ოჯახს (იხ.დანართი), საცხოვრებელი სახლი და მასთან ერთად შესყიდული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემათ.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N384 განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, გადაეცემათ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, დანართში მითითებულ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 73 ბენეფიციარ ოჯახს, საშუალება მიეცემათ მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოახდინონ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს წარმომადგენლებთან. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამგეობაში გამოიყოფა სპეციალური ფართი.
გთხოვთ, გამოცხადდეთ მითითებულ დროს გამგეობის შენობაში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მიღება – ჩაბარების აქტებზე ხელმოსაწერად.
დამატებით გაცნობებთ, რომ, თუ დანართში მითითებული პირები (ოჯახები) ვერ შეძლებენ გამგეობაში გამოცხადებას, ოჯახები ვალდებულები იქნებიან მიბრძანდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში (მის. ქ. თბილისი, თამარაშვილის 15 ა) მიმდინარე წლის 7 ივნისამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0