ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს

29/01/2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. 2015 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა.
2015 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.3%-იანი საშუალო რეალური ზრდა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5%, მესამე კვარტალში – 2.5%, ხოლო მეოთხე კვარტალში – 2.9% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდებთან მიმართებით.2015 წლის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა.
“2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლებში, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებულია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 5.9%-ით აღემატება და 5,672.6 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3 779 ერთეულს გაუტოლდა, რაც 4.6%-ით მეტია 2014 წლის დეკემბრის თვის მონაცემთან შედარებით”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
მიმდინარე წლის დეკემბერში, მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა – 25%, ქიმიური მრეწველობა – 15%; ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება – 10%;
“მიუხედავად რეგიონში მიმდინარე რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას. შენელებული ზრდის ტემპის მიუხედავად, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა აღემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 2.0%, მსოფლიო ბანკი – 2.5%)”, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0