ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის 50-ზე მეტი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, გადახდისუუნარობის რეფორმები და სხვ.

„საქართველო მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და სამომავლოდ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სურვილი გამოთქვა, რომ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს. გიორგი ქობულიას მისალმების შემდეგ, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ბიზნესასოციაციაში ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, ლაშა მიქავა და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

Visited 194 times, 1 visit(s) today