ეკონომიკის სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

08/06/2017

2017 წლის 7 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრო.
შეხვედრაზე, საკონსულტაციო ჯგუფის წესდების შესაბამისად, ჯგუფის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი ნატო ჩიქოვანი.
შეხვედრის მონაწილეებს გენადი არველაძემ ინფორმაცია მიაწოდა 2016 წლის განმავლობაში DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე გააცნო უახლესი მიღწევები DCFTA-ს სფეროში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოდან თაფლის ექსპორტის დაშვებასა და ევროკავშირში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აღიარების შესახებ.
გენადი არველაძემ ჯგუფის მონაწილეებს წარუდგინა DCFTA-ს შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ვებგვერდი და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ვებგვერდის იმ ფუნქციებზე, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მეწარმეებს საქართველოში წარმოებული პროდუქტების და მომსახურების ევროკავშირში ექსპორტის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაში.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრების მიერ გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები ვებგვერდის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი – საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0