ელ. შოკური აპარატის ამომცნობი მუშაობის პროცესში გამოსცადეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება, რომელიც ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.
დანადგარი ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე გამოსცადეს. მოწყობილობის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
დანადგარი ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას. მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში მიიღებს ინფორმაციას, რაც საშუალებას შექმნის მოახდინოს დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება.
ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა.
დანადგარი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით გულბანმა და გიორგი კურტანიძემ შექმნეს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ.

Visited 142 times, 1 visit(s) today