ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება, რომელსაც გრძელვადიანი მდგრადობა ექნება

13/12/2017

„პირველი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ სწორად არის დანახული პრობლემები“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტოგონიძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება მათი სამსახურის მიერ მომავალ წელს იგეგმება და კომისიის წევრების კითხვებს დეტალურად უპასუხა.
კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მომავალ წელს, დედაქალაქს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ემატება. კერძოდ, ოთარ გრიგოლია განმარტავს, რომ თბილისს ტურიზმის მიმართულებით თვითონ ექნება პოლიტიკის განსაზღვრის საშუალება, დაიწყება მუშაობა მსხვილ საინვესტიციო პროექტებსა და ეკონომიკური განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელსაც გრძელვადიანი მდგრადობა ექნება.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0