ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ეს არის „ქართული ოცნების” ბოლო არჩევნები…

24/10/2017

აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველმა გუნდმა ყველანაირი მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ თბილისში არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გაემარჯვა.
„ვფიქრობ, არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყო არადემოკრატიული, არაგამჭვირვალე, არათანასწორი. გაგრძელება იყო ის, რაც დღეს მოხდა. არავისთვის ეს სიურპრიზს არ წარმოადგენდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდებოდა არჩევნების გაყალბებას, მანიპულირებას არჩევნებით იმისთვის, რომ თბილისში მოეპოვებინა ე.წ. უპირატესობა პირველ ტურში, იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინოდა მეორე ტურის და ასევე „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაელაგებინა ხმების ის პროპორცია, რომელიც არის მისთვის მისაღები და მეტნაკლებად ხელსაყრელი.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ეს არის „ქართული ოცნების” ბოლო არჩევნები. ვერც შემდგომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ ვერ ჩაატარებს ისე, როგორც მას უნდა და „ქართული ოცნებისთვის“ ეს ბოლო გამარჯვებაა არჩევნებში.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მე არ მგონია, რომ საქართველოში იყოს ვინმე ჭკუათმყოფელი, რომელსაც სჯერა, რომ ბოკერიას პარტიამ მიიღო 8, 9 ან 10% და თუნდაც ჩვენმა პარტიამ 3%, სხვა პარტიებმა ზოგმა ცოტა მეტი, ზოგმა ცოტა ნაკლები. ეს არის ის ფანდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს იმისათვის, რომ გააცოცხლოს „ნაციონალური მოძრაობის” ან ერთი ან მეორე ფრთა, აცოცხლოს და ასულდგმულოს იმისათვის, რომ თავისი უუნარო ხელისუფლება გაახანგრძლივოს, მაგრამ არაუშავს, ისიც კარგად ვიცით, ვის გვერდითაც ბოკერია დგება, როგორ ამთავრებს ხოლმე და ზუსტად ასე დაამთავრებს ეს ხელისუფლება”, განაცხადა ბურჯანაძემ და ყურადღება იმ კონკრეტულ დარღვევებზე გაამახვილა, რომელიც მისი თქმით, საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0