ერთმანეთის მიმართ არც რწმენა გაერთიანებთ, არც მომავლის ხედვა

07/04/2017

ერთმანეთის მიმართ არც რწმენა გაერთიანებთ, არც მომავლის ხედვა – საერთოდ არაფერი გაერთიანებთ, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან ”ქართული ოცნების” წევრებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიმართა. ბოკერიას შეფასებით, ის რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლება აკეთებს, არის მხოლოდ საკუთარი თავის ქება და წინა ხელისუფლების ლანძღვა.

”ჩვენ დღეს მოვუსმინეთ ”ქართულ ოცნებას” და ყველას ერთად გაგვახსენდა, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს გუნდი შეარჩია და ჩააბარა მთავრობის კონტროლი. თქვენს ხელშია ის, რა მოხდება ხვალ და ზეგ და ეს არის ძალიან მძიმე რეალობა. წლები გადის – მეხუთე წელია იცვლება სახეები, ვიღაც ძველი რჩება და ამ ტრიბუნიდან ერთი და იგივე ტექსტი გვესმის: – საკუთარი თავის ქება, წინა ხელისუფლების ლანძღვა და მეტი არაფერი – ნულოვანი შინაარსი! ერთმანეთის არც რწმენა გაერთიანებთ, არც მომავლის ხედვა, საერთოდ არაფერი არ გაერთიანებთ, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა! საერთოდ, როგორ უნდა შევაჯამოთ თქვენი 5-წლიანი მმართველობა?! – ეს არის გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი სამთავრობო ვალები, რომელსაც შემდეგ თაობებს უტოვებთ, გაზრდილი კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, ქვეყნის შიგნით გაზრდილი რუსული გავლენა და შემცირებული შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის კუთხით შემცირებული პენსია, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის შემცირებული რწმენა მომავლის მიმართ. ეს არის უმძიმესი განაჩენი, რომელიც თქვენ ამ ქვეყანას გამოუტანეთ”, – მიმართა ბოკერიამ ”ქართულ ოცნებას”.

მისივე განცხადებით, უმრავლესობა პირად საუბარში აღიარებს, რომ საქმე ძალიან ცუდად და მძიმედ არის.

”როცა პირად საუბრებში აღიარებთ, რომ საქმე არის ცუდად და გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, მეორე დღეს, როცა კონკრეტულ ხედვას გთავაზობთ, განხილვაც არ გინდათ. ახლა როცა აქ რიხიანი სიტყვით გამოხვალთ, ერთ-ერთმა მაინც გვითხარით, რამდენი მილიონი გემეტებათ, რომ შეამციროთ ბიუროკრატიისთვის ფლანგვა, რათა ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქოთ?! რამდენ მილიონს გაიმტებთ იმისთვის, რომ გადასახადები შეამციროთ? გაზარდოთ პენსია ან შემწეობა – ნულს, ერთს თუ ორს?! ციფრი გვითხარით! რა უნდა მოხდეს, თქვენ რომ გამოფხიზლდეთ – არაფერი, გარდა ამომრჩევლის მიერ თქვენთვის გამოტანილი პოლიტიკური განაჩენისა, როცა არჩევნებით გაგისტუმრებთ! მარტო ეგ იქნება თქვენთვის გამოფხიზლება! და ბოლოს, აქ ერთი ადამიანი გამოდიოდა – თქვენი გუნდის შედარებით ახალი ვარსკვლავია, რომელმაც ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა გვითხრა. ეს არის ივანიშვილის გუნდის სლოგანი – ჩვენ, ”ევროპულ საქართველოს” მოგვმართა, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ევროპა არის რეგულაციაო. არა პატივცემულო ივანიშვილის გუნდო – ევროპა რეგულაციები კი არა, ევროპა არის თავისუფლება. ევროპული საქართველო ის საქართველო კი არ იქნება, სადაც ბიუროკრატია ბევრ ფულს ჭამს და ოლიგარქის კაპრიზებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ევროპული საქართველოა, სადაც დაბალი გადასახადებია, სადაც მთავრობა პატარა და შეზღუდულია, სადაც ხელისუფლება არის ეფექტური – ვალდებული კონსტიტუციისა და ხალხის წინაშე და არა ოლიგარქის წინაშე, სადაც ბევრი პასუხისმგებლობის მქონე, მომავლის რწმენით მცხოვრები ადამიანია. ასეთი საქართველო აუცილებლად იქნება!”, – განაცხადა ბოკერიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0