ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური ლიტერატურის კუთხე გაიხსნა

24/03/2017

24 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ჩინური ლიტერატურის კუთხისა და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ეძღვნება ჩინეთ- საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო” .
ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ. ასევე სიტყვა წარმოთქვა განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ჩინეთმცოდნე (სინოლოგ) – პროფესორმა მარინე ჯიბლაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.
ძი იენჩი: “დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩინური ლიტერატურის კუთხე კიდევ გაფართოვდება. ამ ორ ქვეყანას ხომ უძველესი ენები და კულტურა გააჩნია და მათი შერწყმით დიდი სინათლე წარმოიქმნება.”
ჩინური ლიტერატურის კუთხე ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში იფუნქციონირებს. უახლოეს მომავალაში ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართული ლიტერატურის კუთხის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა წარმოდგენილია ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. ჩინეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა და სამომავლოდ ჩინური ლიტერატურის კუთხის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0