ესტონეთის პრეზიდენტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

02/11/2017

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
კერსტი კალიულაიდი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე- ციფრული ტექნოლოგიები, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ესტონეთში 1991 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შესახებ. ესტონეთის პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
კერსტი კალიულაიდმა ესტონური პროექტის ხელშეწყობით შექმნილი ბიზნესიდეების კაბინეტი დაათვალიერა, რომელიც უნივერსიტეტში ტალინის ბიზნესის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ფუნქციონირებს და ქუთაისელ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ესტონელი პროფესორების მიერ ჩატარებული ტრენინგები გაიარონ ბიზნესადმინისტრირებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.
სტუდენტებთან შეხვედრას ესტონურ დელეგაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ მთელი ვიზიტის პერიოდში ესტონეთის პრეზიდენტის განსაკუთრებული ყურადღების საგანი რუსული ოკუპაცია და მისი შედეგები იყო.
“დღეს ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სტუმრობდა საოკუპაციო ხაზს, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსული ოკუპაციის შედეგები, ასევე სტუმრობდა წეროვანში დევნილთა დასახლებას, შეხვდა ახალგაზრდებს, დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ბუნებრივია, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო იყო მისი ლექცია ესტონეთის განვითარებასთან დაკავშირებით – ესტონურ გამოცდილებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლითაც ესტონეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და სწორედ შეძლო ევროპულ ქვეყნად ფორმირებულიყო.
ესტონეთის პრეზიდენტმა ისურვა, რომ საქართველოც მომავალში გაატარებს ისეთ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირთან სრულფასოვან ინტეგრაციას უზრუნველყოფს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0