ესტონეთი საქართველოს ნატო-ს სამიტზე ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდება

21/06/2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერმინისტრ იური რატასს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა. იური რატასის განცხადებით, საქართველოს და ესტონეთს საერთო ღირებულებები აერთიანებს, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს მომავალი სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს, თუ რა კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით. ბრიუსელის სამიტზე ესტონეთის დელეგაციას სწორედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ექვსი ქვეყნის პრეზიდენტთან ექნება. პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ თანადგომას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე ასევე აღინიშნა უპრეცენდენტოდ აქტიური სექტორული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების, ელექტრონული მმართველობის დანერგვის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში გამოცდილების გაზიარების კუთხით. საქართველოს დელეგაციამ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, რეფორმების გაგრძელების პროცესში.
აღინიშნა, რომ ესტონეთის დახმარება ქართული ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე და ესტონეთის გამოცდილება სექტორულ ინტეგრაციასა და ევროსტანდარტების დანერგვაში უაღრესად მნიშვნელოვანია. აღინიშნა ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ორი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0