ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც ჩვენ თაობას კარგად ახსოვს

09/04/2019

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, 9 აპრილის მემორიალთან, დღესაც შეიკრიბა საზოგადოება და ღონისძიების ფარგლებში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს. ჩოხოსნებმა დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, თეოდორე ცხოვრებაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც კულტურულ-შემეცნეითი ღონისძიება დაიწყო. მასში მონაწილეობა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად, ზვიად ჭუნაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“მადლობა თავისუფლებისთვის”- ნამდვილად ეს სიტყვები ეკუთვნით გმირებს, რომლებიც ზუსტად 30 წლის წინ, საბჭოთა არმიის მიერ უმოწყალოდ იქნენ დაჩეხილნი, სწორედ მათი გმირობა გახდა საყოველთაო დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მიზეზი, რაც საბოლოოდ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც ჩვენ თაობას კარგად ახსოვს, სწორედ ამიტომ ჩვენი ვალია, სათანადოდ მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და მომავალ თაობებს ვესაუბროთ ამ დღის მნიშვნელობაზე, რათა კარგად გაითავისონ თავისუფლების არსი და გაუფრთხილდნენ მონაპოვარს, რომელიც უამრავ ადამიანს სისხლის ფასად დაუჯდა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0