ეს არის ცნობიერების ამაღლება, რაც ამ ვირუსთან ბრძოლისა და გამკლავების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია

28/07/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს ყველას ერთი საერთო მიზანი აერთიანებს – ეს არის ცნობიერების ამაღლება, რაც ამ ვირუსთან ბრძოლისა და გამკლავების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშო და მისაბაძ მაგალითად იქცა – საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით საქართველომ დაიწყო C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა მისი საბოლოოდ აღმოფხვრა.
დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ეს დიაგნოზი განაჩენი იყო, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება – წარმოუდგენელი.
შთამბეჭდავია ციფრები, რომლებიც სწორედ ამ შედეგებს ასახავს – პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი პაციენტი, რომელთაგან დაახლოებით 40 ათასმა იმკურნალა უახლესი ანტივირუსული მედიკამენტებით. 32 ათასამდე პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია.
მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ აღმოვფხვრით ამ დაავადებას და საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0