ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის

29/05/2017

„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა თბილისში ძალზე დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული პოლიტიკური თვალსაზრისით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო.
„მინდა გამოვხატო მადლიერება ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. ნატო-ს ცალკეული წევრები დახმარებას გვიწევდნენ თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უელსისა და ვარშავის სამიტების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო საქართველოსათვის არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ, თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად საუკეთესო პლატფორმაა.
მისი თქმით, „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე.“
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განტკიცება ნათლად წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკურ ნებას და არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
„მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა – დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება რუსული პოლიტიკისგან გამომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ, ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში გაწევრიანდეს.
„ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ რეფორმის უმთავრესი მიზანი ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში განვამტკიცოთ დემოკრატია, ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული და სტაბილური პოლიტიკური სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია, რომელმაც ჩვენ ქვეყანას ორი ათწლეულის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ საპარლამენტო დემოკრატიად. ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით,“-განაცხადა პალამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე მდგომ თანამედროვე გამოწვევებზე, საინფორმაციო ომებზე და კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება და ყოველდღიური მჭიდრო თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ნატო სათანადოდ გაუმკლავდეს ყველა სირთულეს და საერთაშორისო უსაფრთხოების ქვაკუთხედად დარჩეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში სტუმრობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოსვლა ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის, ჰეისტინგს ისმეის სიტყვებით დაასრულა: „ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“.
„ჩვენი ამოცანაა, გავერთიანდეთ თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად,“- მიმართამიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0