ეს კონსტიტუცია არ იძლევა ერთიან ხედვას თუ რა ტიპის სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო სისტემას ვქმნით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ადმინისტრაცია კონსტიტუციასთან მიმართებაში ”მოკლე ნაბიჯებით სიარულს ხედავს”, რაც გაუმართლებელია.
”ამ უცნაურმა პროცესმა, ამ აუხსნელმა სიჩქარემ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არის მთელი პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით საპარლამენტო განხილვების ეტაპზე, ძალიან ბევრი პრობლემა გააჩინა და უფრო ცხადი გახადა საზოგადოებისათვის – ეს კონსტიტუცია არ იძლევა ერთიან ხედვას თუ რა ტიპის სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო სისტემას ვქმნით. არ იძლევა ერთიანი ხედვის შესაძლებლობას, რადგან რაღაც 2020 წლისთვის შედის ძალაში, რაღაც 2023-სთვის, რაღაც 2024 წლისთვის, რაღაცას ვადა უმცირდება და რაღაცას ვადა ემატება.
სრული აბსურდი მივიღეთ და ძალიან ჭირს რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულებით შეფასება გააკეთო ადამიანმა, იმიტომ, რომ ეს ერთი მიმართულება ერთიან კონტექსტში ვეღარ ჯდება. ამიტომ არის დაუსრულებლად ამდენი ჭრა-კერვა და ყოველდღიურად ვიღებთ ახალ ინიციატივებს, ახალ გადასწორებებს და სულ უფრო გაჭირდა ერთიანი ხედვა.
კონსტიტუცია საერთოდ გრძელვადიან შეთანხმებას გულისხმობს სახელმწიფო მოწყობის საკითხებსა და მმართველობის საკითხებზე. სანაცვლოდ ჩვენ მოკლევადიან და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარულს ვხედავთ კონსტიტუციაში, რაც გაუმართლებელია”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.