ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა

11/12/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ოქტომბერსა და პირველ 10 თვეში ქვეყნის მშპ-ს წინასწარი მაჩვენებლები შეაფასა, რომლის თანახმადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.7 პროცენტი, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი – 4.9 პროცენტი შეადგინა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 92 პროცენტით, ფეროშენადნობების – 53 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლების – 45 პროცენტით და ღვინისა კი 40 პროცენტით გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საქონლის რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა – ზრდა 9.7%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი; საფინანსო საქმიანობა – ზრდა 13.4%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტი; სასტუმროები და რესტორნები – ზრდა 20.2% , წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 და სხვ.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ეს განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გააკეთა აქცენტი, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის სექტემბერში MOODY’s-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაგვიუმჯობესა Ba3 სტაბილურიდან Ba2 სტაბილურამდე. ამასთან, მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგზე შეაჩერა ყურადღება, მათ შორის ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მე-17 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში სახელმწიფო და კერძო სექტორმა შეძლოს იაფი რესურსის მოზიდვა, რაც, საბოლოო ჯამში, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე აისახება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0