ვარშავაში, ერთ-ერთ ქუჩას ქართული სახელწოდება მიენიჭება

24/06/2017

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ვიზიტით ვარშავაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ვარშავის მერის მოადგილესთან მიხეილ ბაევსკისთან.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში, ერთ-ერთ ქუჩას ქართული სახელწოდება მიენიჭება.
ასევე, ვარშავაში დაიგეგმა თბილისის დღეეების გამართვა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო დაფა. აღსანიშნავია, რომ ვარშავა 2010 წლიდან თბილისის პარტნიორი ქალაქია და ეს ურთიერთობები თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადადის.
გარდა ამისა, შეხვედრა შედგა ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელთან ანდრეი კნიეჟევიჩთან. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პოლონეთის მხარე თბილისის ზოოპარკს საჩუქრად ცხოველებს და ფრინველებს გადასცემს. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილემ და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერეს ვარშავაში მდინარეების სანაპიროების დასუფთავების ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარე, ასევე გაეცნენ სანაპირო ზოლის მოწყობის სპეციფიკას.
გარდა ამისა, გიგა ნიკოლეიშვილმა და ირაკლი ხუცურაულმა ბიალისტოკში ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, დაათვალიერეს ტექნოლოგიური პარკი და გაეცნენ მასპინძლების გამოცდილებას გამწვანების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0