ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესაბამება ჩვენს მიდგომებს

08/06/2017

ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას უკვე გამოეგზავნა და დაზუსტების შემდეგ,იგი ოპოზიციური სუბიექტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
„ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი გვაქვს წინასწარი დოკუმენტი, ასევე, არის მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი გაეგზავნოს სხვა სუბიექტებსაც. ერთადერთი, წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით ვუგზავნით ჩვენს კომენტარებს ვენეციის კომისიას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს. ამ დასკვნაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს 2-3 დღის საქმეა და ამის შემდეგ ალბათ უკვე ხელმისაწვდომი გახდება ეს დოკუმენტი ასევე ოპოზიციური სუბიექტებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მმართველი გუნდის მიდგომებს, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც შეესაბამება.
„იმ ზოგად მიდგომას, რომელზეც ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია შეესაბამება, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც. ბონუსთან დაკავშირებით,ზოგადი, ბლანკეტური კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, კერძოდ, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომა ალბათ საბოლოოდ აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს სულისკვეთება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ბონუსმა არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომაც, ბუნებრივია, აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0