ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას მოითხოვენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვეტერანები ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას მოითხოვენ და მას ამისთვის 10-დღიან ვადას აძლევენ.
შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “მებრძოლ პატრიოტთა კავშირის” თავმჯდომარე ემზარ ქვარიანმა და ლაგოდეხის სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ტარიელ პაქსაშვილმა გააკეთეს.

ქვარიანის განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებს შორის დაპირისპირებას უწყობს ხელს და მათ ნაწილს ანტისახელმწიფოებრივი ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

უფრო კონკრეტულად, ვეტერანმა შიხიაშვილის ის განცხადება გააპროტესტა, რომელშიც მან განაცხადა, რომ ვეტერანების ერთი ნაწილი უკრაინიდან იმართება.

ემზარ ქვარიანის განმარტებით, თუ შიხიაშვილი ამ ბრალდებას ვერ დაასაბუთებს, უნდა გადადგეს.

ამასთან, ვეტერანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს ჰოსპიტლის დაფინანსების აღდგენა და მისი ხელშეუხებლობის კანონით განსაზღვრა.
მათი განცხადებით, ჰოსპიტალს დაფინანსება ორი თვის წინ შეუწყდა და ვეტერანები კლინიკა “ლანცეტში” გადანაწილდნენ.

ვეტერანები ასევე მოითხოვენ, მათ მიმართ განისაზღვროს სახელმწიფო პოლიტიკა და მოხდეს მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო ნორმების მიხედვით.

“მოვითხოვთ განხორციელდეს ომის ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია, გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია და მისი გაცემა მოხდეს ყველა ვეტერანზე, ასევე შეწყდეს ასაკობრივი დისკრიმინაცია და განხორციელდეს ვეტერანთა ინტეგრაცია საზოგადოებაში”,- განაცხადა ემზარ ქვარიანმა.

Visited 185 times, 1 visit(s) today