ვიზალიბერალიზაცია არის დიდი ნდობა ევროპელი პარტნიორების მხრიდან

27/03/2017

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამავდროულად, ასევე, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. მან ყველას მიულოცა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

„იცით, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად 2013 წლის თებერვალში გადმოეცა და თითქმის 3 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია მისი წარმატებით შესრულებისთვის. ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალური მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლადაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებულად მიულოცა ეს შედეგი შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ვალდებულებების წარმატებით შესრულებაში.

„ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამავდროულად, ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0