ვიმსჯელეთ კონსტიტუციის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

30/03/2017

ბიზნესასოციაცების წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, მინდა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, რადგან აქტუალური ჩართულობის ხარისხი ამ პროცესში ბიზნესისთვის, როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ბიზნესის წარმომადგენლები არ არიან. ვიმსჯელეთ კონსტიტუციაში არსებულ იმ მუხლებზე, რომლებიც გადასახადებს ეხება, ბიზნესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობებიც“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პირადად მინისტრს იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც გადასახადების გაზრდას რეფერენდუმის გზით გულისხმობს, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ რადგან ეს ნაწილი დღეს უკვე გვაქვს კონსტიტუციაში, მისი ამოღება შეიძლება არაერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული ინვესტორებისგან. „ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ვართ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკასთან მიმართებაში. ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ენერგია გახლავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ ჭრილში ვთვლი, რომ დღევანდელ სიტუაციაში მსგავსი ჩანაწერის ამოღება არ იქნება სწორი და იქნება რისკის შემცველი“ – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0