ვიქტორ დოლიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

03/10/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ევროკავშირის ოფისის დირექტორს უიტნი ბეარდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებულ პროგრესზე, რეფორმების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ბორდერიზაციისა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესი საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფთხოებას. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0