ვიქტორ დოლიძე სიტყვით გამოვიდა ამბასადორიალი 2017-ის სესიაზე: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

19/07/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სიტყვით მიმართა თბილისში მიმდინარე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში”. ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული წარმატების თვალსაზრისით საქართველოს ლიდერ პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, „პარტნიორობა მობილობისათვის” ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე მუშაობის პროცესზე, ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის მზადებასა და სამიტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
ევროინტეგრაციის მიმართულებით საუბრისას, ამბასადორიალის მონაწილეებთან სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სააგენტოებსა და თანამეგობრობის პროგრამებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე, საქართველოსთვის დახმარების ახალი ინსტრუმენტების შემუშავების შესაძლებლობები განიხილა.
თავის გამოსვლაში, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პრიორიტეტული საკითხებსა და ამ მხრივ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა წლიური ეროვნული პროგრამის მე-9 ციკლის განხორციელებაზე და სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტზე, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიგზავნება ნატო-ს შტაბ-ბინაში. ხოლო ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოს ეწვევა ნატო-ს შემფასებელთა მისია. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად იყენებს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატს და ნატოს მომავალი წლის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზეც ისაუბრა.
ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით გამოყო სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა. შედეგებზე საუბრისას, ვიქტორ დოლიძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტი: ,,ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის” გამოყო, რომლის მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა. ასევე, საქართველოს გაწევრიანების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მიერ გაწეული სამუშაო, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს. 2017 წელს, საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ყოველწლიური ევროპისა და ნატოს დღეები და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. (ცენტრის ორგანიზებით 2017 წელს გაიმართა 237 შეხვედრა/ღონისძიება, რომელშიც სულ 17 800-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა);
საინფორმაციო კამპანიებზე საუბრისას, ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციითა და ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს ევროინტეგრაციის სარგებლისა და საერთო ევროპული ღირებულებების შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაზე და ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის მეორე ფაზის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას უვიზო რეჟიმის პირობებში მათი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ.
წარმატებულად შეფასდა 2017 წლის 13-14 ივლისს, ქ. ბათუმში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართული ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა”.
საუბრის დასასრულს, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სა და ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებთან და სურვილი გამოთქვა კიდევ უფრო გააქტიურდეს თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით, შემუშავდეს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0