ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების

04/03/2016

მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამ მოწოდებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ბათუმის წყლის” დირექტორის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო სივრცეში გამოთქმული ბრალდებების შესწავლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, „ბათუმის წყლის” დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„საჯარო სივრცეში გაჩნდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების გამო მოხდა ბათუმის ერთ-ერთი კვებითი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი. მინდა, გავერკვეთ ამ საკითხში და თუ ის დადასტურდა, ამ პიროვნებამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს შესაძლოა იყოს უსაფუძვლო ბრალდება, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ სიმართლეში და დადასტურების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0