ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიო და მტკიცე მეგობრული გზავნილები გადასცა ჩვენს ხალხს

02/08/2017

ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ, სანდო პარტნიორად და ერთგულ მეგობრად განიხილავს. ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიო და მტკიცე მეგობრული გზავნილები გადასცა ჩვენს ხალხს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინსტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო.
ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სტაბილური განვითარებით მივაღწიოთ მეტ წარმატებას და ხალხის კეთილდღეობას, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0