ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ როგორ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა

23/10/2019

29 ოქტომბერი – 1 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები განისაზღვრა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მომავალ სასესიო კვირის განსახილველ საკითხებს „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად დაემატა. ბიურომ ასევე, იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად განსაზღვრეს წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები.
პარლამენტი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ განიხილავს.

„21 ოქტომბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველი ქვეყანაა, ვისთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმებას ახლა სჭირდება რატიფიკაცია, იმისთვის რომ 31 ოქტომბრამდე, მაშინ როდესაც ამ მოცემულობით ვიცით, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს – ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს და ჩვენ გვექნება იგივე პირობები, რა პირობებიც გაქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. დიდი ბრიტანეთის მხრიდან გამოხმაურება არის ძალიან პოზიტიური. ისინი აფასებენ ჩვენი მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენ ძალიან ეფექტიანად და დროულად მოვასწარით ამ შეთანხმების გაფორმება. ახლა უკვე პარლამენტმა, კომიტეტებმა უნდა განვიხილოთ ეს შეთანხმება იმისთვის, რომ მოკლე ვადებში მოვახერხოთ დოკუმენტის რატიფიცირება“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

ბიურომ რამდენიმე საკითხის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლის და სერგი კაპანაძის მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე გამავალი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია ინიციატორებთან მას შემდეგ, რაც დაინიცირდა საკითხი, რათა წინასწარ გაგვევლო კონსულტაციები. ასევე ჩემი ინფორმაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია ინტენსიურად არის დაკავებული ამ საკითხით. ამ კვირაშიც პარლამენტში შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან. შესაბამისად, ეს საკითხი ყურადღების ცენტრშია. ჩვენ ვაკვირდებით და ვიხილავთ ამ საკითხს. ველოდებით ასევე, ამ კომისიის მიერ გარკვეული პოზიციების შეჯერებას და შემდგომ თუკი სურვილი იქნება ინიციატორების მხრიდან, რომ წინასწარ გავიაროთ კონსულტაციები, რა თქმა უნდა ამ საკითხს შესაბამის ვადაში განვიხილავთ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

„მივესალმები, რომ პარლამენტში გააქტიურდა მუშაობა ამ მიმართულებით. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის იმ 10 მთავარ გამოწვევას შორის, რომელიც ჩვენ საშემოდგომო სესიისთვის წარვადგინეთ და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა, რომ დროულად დავხუროთ ამოცანები, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის კონგრესში ორპარტიული აქტის მიღების გამო კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით გადავუხადო მადლობა ჩვენს კოლეგებს ამერიკის კონგრესში ორპარტიული აქტის მიღების გამო. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის და ის სტრატეგიული საკითხები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნულ ინტერესებთან პირდაპირ კავშირშია – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უსაფრთხოება და თანამშრომლობის საკითხები, რომელიც ჩვენ გვაქვს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან არის სხვა საკითხებთან ერთად მხარდამჭერ აქტში ძალიან დეტალურად და მკაფიოდ ასახული. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ როგორ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პირველ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს და მთლიანად პარლამენტის საგარეო გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, წარმომადგენლობით პალატაში გაწეული წარმატებული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

„მინდა პირველ ვიცე-სპიკერს, ჩემს მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს და მთელ საგარეო გუნდს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის კონგრესში არის იმ ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების ასევე, ვაშინგტონში, კონგრესში სამუშაო შეხვედრების შედეგი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. წელიწადზე მეტია რაც ამაზე საპარლამენტო გუნდი მუშაობდა და მივესალმები, რომ ასეთი ძლიერი საპარლამენტო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0