ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურად შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთ-ერთს დაასახელებს

23/11/2017

“მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.
„უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში, კენჭი ეყრება სახალხო დამცველს და არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი. მანამდე კრიტერიუმებზე გვქონდა საუბარი. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. რაც შეეხება კანდიდატებს, მათ დაასახელეს ოთხი კანდიდატი, ეს არის ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
„ჩვენ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში არ გვქონია, აქედან გამომდინარე, რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რა არჩევანს გააკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა რაოდენობის დეპუტატები ვის ანიჭებენ უპირატესობას. შედგება ხვალ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. მისივე თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე – პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება. თუმცა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე – პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0