ზვიად გონაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

23/01/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ტერენს–ნიკოლაოს ქუიქს შეხვდა.
ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ტერენს–ნიკოლაუს ქვიქს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საბერძნეთის ხელისუფლება იჩენს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და გამოთქვეს ღრმა რწმენა ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით, გამოხატეს მზაობა პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბერძნეთსა და საქართველოში დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. მხარეებმა იმსჯელეს ქართული და ბერძნული დიასპორების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, დიასპორის საკითხებთან მიმართებით ახალი იდეებისა და კონცეფციების შემუშავებას. აღინიშნა დიასპორების კონსტრუქციული როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და წარმომშობი ქვეყნების განვითარებაში.
ზვიად გონაძემ თავის კოლეგას წარმატებული ვიზიტი უსურვა და გამოთქვა რწმენა უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0