ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება

16/01/2018

ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნულ საკითხზე დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამშენებლო კომპანია ,,ჯავა“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური დეტალები განიხილეს.
რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ბაღის მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით 25 ჰექტარის კეთილმოწყობას. ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული მცირე ფორმებისა და კეთილმოწყობის ელემენტების აღდგენა-რეაბილიტაციას და ახალი ელემენტების გაჩენას, ადმინისტრაციული შენობის, ბოტანიკური ბაღის ღობის აღდგენას და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას, სანერგე მეურნეობის მოწყობას, საპირფარეშოს განთავსებას, საჯინიბოს შენობის განახლებას, კონსერვაციის სამუშაოებს, არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებს, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას გარე განათების გათვალისწინებით, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.
როგორც შეხვედრაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია და მისი სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0