ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება

15/09/2022

ახალ სასწავლო წელს ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად მიულოცა.

„რეგიონის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს 4046 პირველკლასელი გვყავს. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია ამ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს ხუთი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება. ეს პროცესი გაგრძელდება და ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს ითვალისწინებს“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

მე-12 სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყლის და წყალარინების სისტემები. სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. ამჟამად კი გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0