ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

12/01/2023

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეებმა შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი განიხილეს. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. სისტემის შემუშავებისას, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიურ მხარესთან. ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე მოსახლეობისთვის, მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას. ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის, გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესიც. ელჩმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0