ზურაბ პატარაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა

18/10/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. ქართველი გმირის ნეშტი თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან მშობლიურ კუთხეში 17 ოქტომბერს გადმოასვენეს. თეიმურაზ ჯორბენაძეს ხვალ ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენი. იგი 31 წლის ასაკში სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლო 24 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. აფხაზეთში დაღუპული გმირის სახელს ატარებს ქობულეთის N3 საჯარო სკოლა.
,,ძალიან დიდი ტრაგედიაა მოხდა 24 წლის წინ, სოხუმის დაცემის დღეს, როცა სხვა ქართველ გმირებთან ერთად დაიღუპა ჩვენი რეგიონის, ჩვენი კუთხის მკვიდრი თემურ ჯორბენაძე. 24 წელი ის ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალს და განვითარებას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალი თაობები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი თანამედროვე საქართველოს გმირების შესახებ. დარწმუნებული ვარ მისი სახელი იქნება უკვდავი“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0