ზურაბ პატარაძემ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი. კაფსულის ჩაგდების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის მთავრობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სარფში სამსართულიანი სკოლა აშენდება. სკოლას ექნება შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. ასევე, განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 759 000 ლარით.
2017 წლის მდგომარეობით სარფის საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის – 9 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი.
ლაზეთის სოფლებს შორის სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სარფის სკოლის რეაბილიტაცია, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო სკოლის პირველი სართული გამოუსადეგარი იყო სასწავლო პროცესისთვის.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები კვარიათის საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით.

Visited 156 times, 1 visit(s) today