ზურაბ პატარაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

19/02/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა 11-12 სექტემბერს ქ. ბათუმში, CAREC-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ, ენერგოინვესტიციის ფორუმზე ისაუბრეს.
ზურაბ პატარაძემ ბანკის წარმომადგენლებს აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 2,4 მილიარდი აშშ დოლარის პროექტი აქვს განხორციელებული.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აჭარაში აფინანსებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზიის ბანკის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მზად ვართ ვუმასპინძლოთ მესამე საერთაშორისო ფორუმს ჩვენს რეგიონში და ფორუმის სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი რეგიონის როგორც ისტორია და კულტურა, ასევე საინვესტიციო პოტენციალი, ჩვენი ხედვები ენერგეტიკისა თუ ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე მზად ვართ განვიხილოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტი თუ შემოთავაზება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოჰაილ ჰასნიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიღებისა და ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა:
„ისლამაბადისა და ასტანის შემდეგ ბათუმი მესამე ქალაქი იქნება, რომელიც ამ მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი 4 მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგო-ეფექტურობა, ელექტრო ავტომობილები და ელექტრო ელემენტების განვითარება. დარწმუნებული ვარ, ფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგო სექტორის განვითარებასა და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დარგის წინაშე დგას“ – განაცხადა სოჰაილ ჰასნიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0