ზურაბ პატარაძე ირანის ელჩს შეხვდა

03/02/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში სეიეს ჯავად ყავამ შაჰიდთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ელჩმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში, როცა ირანის მაღალი დონის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმში. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით. თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოხატა ურთიერთსასარგებლო პროექტების მხარდაჭერაში. ,,საქართველოში არის უსაფრთხო გარემო და ნაკლები ბიუროკრატია, რაც ხელს უწყობს ბიზნესს წარმატებულ განვითარებაში“- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. საქართველოსა და ირანს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა. ირანის ელჩის განცხადებით, სასურველია მეტად გააქტიურდეს საჰაერო მიმოსვლა ბათუმიდან ირანის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, რაშიც ჩართულები იქნებიან ირანული ავიაკომპანიები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ჰოსეი მაშჰადი, ელჩის მრჩეველი მოჰამედ ყობადი და გენერალური საკონსულოს თანამშრომელი ჰასანალი რაჰიმი. სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის პოზიციას 2017 წლის მარტიდან იკავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0