ზურაბ პატარაძე სხალთის საჯარო სკოლას ეწვია

17/01/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან და ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა მელაძესთან ერთად, დღეს სხალთის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილი საკლასო ოთახი გაიხსნა. კომპიუტერები სკოლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ბათუმის საზღვაო პორტის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა.
სკოლაში ახალი საინფორმაციო-კომპიუტერული საკლასო ოთახის გახსნას ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედრაჰიმოვი, მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე და რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის თანამონაწილეობა საქველმომქედო პროექტებში, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო მიმათულებით.
,,ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიან აჭარაში კომპიუტერული ტექნიკის დამატებით შემოტანა და ოთახების მოწყობა,. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყაზახურ მხარეს, ბათუმის საზღვაო პორტს. ერთობლივი, სწორი, კოორდინირებული მუშაობის შედეგია დღევანდელი სოციალური პროექტი. არაერთ პროექტში იღებენ ისინი მონაწილეობას. საახალწლოდ რამოდენიმე მიმართულებით განხორციელდა საქველმოქმედო აქციები. თუმცა, დღეს მე მოხარული ვარ, რომ უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტში სხალთის სკოლაში თანამედროვე ტექნიკა ამოვიტანეთ, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მეტი განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დაუფლების. ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი და ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ ამ მიმართულებით”-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
კომპიუტერების საკლასო ოთახში სხვადასხვა საგნის პრეზენტაცისთვის ამიერიდან საუკეთესო პირობებია შექმნილი. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და ინტერნეტის გამოყენება ხელს შეუწყობს თანამედროვე მეთოდებით სწავლების განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0