ზურაბ პატარაძე ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა

06/10/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე. შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, განსაკუთრებული პოპულარობით კი ქართული ღვინო სარგებლობს. შეხვედრაზე განიხილულ იქნა უკვე დაწყებული თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა ჩინური ენის კურსების გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, რაშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, კერძოდ, სამომავლოდ, რეგიონის ციტრუსის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ (“Tbilisi Belt and Road Forum”), რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას. ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საჯარო უწყებების სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0