თავდაცვის მინისტრი მაზარ-ი-შარიფში

16/01/2016

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალს“ ესტუმრა. 31-ე ბატალიონის „ალფა“ და „ბრავო“ ასეულების შესახვედრად მინისტრთან ერთად მაზარ-ი-შარიფში ასევე ჩავიდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
ამჟამად „მარმალზე“ 31-ე ბატალიონის „ალფა“ და „ბრავო“ ასეულებია დისლოცირებული, რომლებიც მისიის გადაბარების პროცედურებს გადიან. „ალფა“ ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი სურგულაძემ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და, ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დელეგაციის წევრები, თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, 31-ე ბატალიონის ასეულების პირად შემადგენლობასაც შეხვდნენ და მათგან ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სტუმრებმა ჯარისკაცების შეკითხვებსაც უპასუხეს.
მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთის მიმართულების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდა. გერმანელმა გენერალმა ქართველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მაღალ დონეზე მომზადებული კონტინგენტის მივლინებისთვის.
თინათინ ხიდაშელმა ვიზიტის შეჯამებისას უპირველესად სამხედრო მოსამსახურეების წინაშე არსებული პრობლემები აღნიშნა: „ძირითადად, რამდენიმე პრობლემა აქვს პირად შემადგენლობას. საუბარია ძველ ამბებზე, როდესაც არაპროპორციულად, არასათანადოდ იყო გამოყენებული წესები სხვადასხვა შენაერთების მოსამსახურეების მიმართ. პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა დროს დადებული კონტრაქტის პირობები. ასეთი შეხვედრების დროს ჩვენი ამოცანა კონკრეტული საკითხების იდენტიფიცირებაა, რათა შემდეგ, სადაც შეგვიძლია, ჩავერიოთ და სწრაფად მოვაგვაროთ. ამიტომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბევრი წესი და პროცედურა შეიცვლება, სწორედ, ამ შემოვლიდან გამომდინარე. საზოგადოება და შეიარაღებული ძალები ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობენ.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0