თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა

01/06/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა თემაზე „შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია და თანამედროვე გამოწვევები“. ლექციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა კაპელანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შეიარაღებული ძალების რეფორმებზე და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და სამხედრო მოძღვრებს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
თავდაცვის მინისტრის ლექციით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო მოძღვრებისთვის ორგანიზებული “სწავლების მეთოდისა და ხარისხის ამაღლების” კურსი დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 33 სამხედრო მოძღვარს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ. სალექციო კურსის ფარგლებში თბილისის სასულიერო სემინარიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და სასულიერო სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სასულიერო სემინარიის შორის ერთობლივი სამეცნიერო, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართება.
დღესვე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარაკლისი გადაიხადა და სამხედრო მოძღვრების დახმარებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორია აკურთხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0