თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ

23/06/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ.
ღონისძიება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მარტინ სტროპნიცკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულები არიან. მან საქართველოსთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ კომპანიების – „აერო ვოდოხოდის“, „ვოპ ცზ“-ის, „ვრ ჯგუფის“, „ტატრას“, „დსიას“, „ომნიპოლისა“ და „ერას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ დაინტერესებულ აუდიტორიას კომპანიების ძირითადი მიმართულებები, ისტორია და წარმოების არეალი გააცნეს.
ღონისძიება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს მასპინძლობა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შტეფან გრივალსკიმ და საელჩოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0